ალექსანდრე ხატისოვი (1917-1919წწ.)
ჩერქეზიშვილის შემდგომ მცირე ხნით ქალაქის თავად ტიგრან ენკიციანი იქნა არჩეული. მოგვიენებით, 1917 წლის 25 აპრილს რუსეთის დროებითმა მთავრობამ საქალაქო სათათბიროს არჩევნების ახალი წესები გამოაქვეყნა, ჩატარდა არჩევნები, რის საფუძველზეც, შექმნილ ახალ სათათბიროში სამი ძირითადი ფრაქცია ჩამოყალიბდა: სოციალ-დემოკრატების, დაშნაკებისა და ესერების.
ამ პერიოდში ქალაქის თავად ალექსანდრე ხატისოვი აირჩიეს, რომლის მმართველობის პერიოდს შემდეგი მოვლენები უკავშირდება: 1917 წელს თბილისში შეწყდა არსენალიდან ზარბაზნის ყოველდღიური გასროლით 12 საათის შეტყობინება, რომელიც თბილისში XIX საუკუნის მეორე ნახევარში იქნა შემოღებული, გაიხსნა ქალაქის მეორე საავადმყოფო, ამოქმედდა ელექტრო სადგური, გაიხსნა სათავადაზნაურო ბანკი, 1917 წელს დაარსდა თბილისის პირველი კონსერვატორია, ამავე წლის 4 მარტს შეიქმნა თბილისის მუშათა დეპუტატთა საბჭოები, 1918 წლის 8 თებერვალს დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1919 წლის 26 მაისს კი პირველი ქართული მარკა გამოვიდა.





