საქ. იუსტიციის სამინისტრო
შეტანილია ნორმატიული აქტების
სახელმწიფო რეესტრში და
მინიჭებული აქვს სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი
2006 წლის 7 დეკემბერი
010.220.020.36.101.009.633
 
ქალაქ თბილისის საკრებულო
გადაწყვეტილება N 2-12
2006 წლის 20 ნოემბერი
ქ. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების  დამტკიცების შესახებ
 
1. ~საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ~ა” ქვეპუნქტის თანახმად დამტკიცდეს ქ. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ~ქ. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 1999 წლის 7 ივლისის N18-3 გადაწყვეტილება.
3. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე ~ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად.
 
საკრებულოს თავმჯდომარე                ზ. ბეგაშვილი
საკრებულოს მდივანი            თ. ქურხული

 

 

ქ. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის დებულება
 
თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

1. ქალაქ თბილისის აღმასრულებელი ორგანოების საფინანსო საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის სარევიზიო კომისიას (შემდგომში-კომისია).
2. კომისია აკონტროლებს შემოსავლების ამოღების დროულობას და მათ აღრიცხვას, ხარჯების კანონიერებასა და ადგილობრივ ბიუჯეტთან შესაბამისობას.
3. სარევიზიო კომისია საკრებულოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს. ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას სარევიზიო კომისია საკრებულოს წარუდგენს შემოწმების წლიურ ანგარიშს. 
 
თავი II

კომისიის სტრუქტურა, კომპეტენცია და კომისიის
წევრთა უფლებამოსილებანი
 
მუხლი 2

1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს არანაკლებ 5 წევრით.
2. კომისიის შემადგენლობას კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
3. კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს წევრი.
4. კომისიის თავმჯდომარის მიერ, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, კომისიაში სამუშაოდ დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით, შეიძლება მოწვეულნი იქნენ სხვა პირებიც ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.
 
მუხლი 3

1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ბ) აკონტროლებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
გ) ახორციელებს კონტროლს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;
დ) კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებზე ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებებს, მოხსენებებს;
ე) აკონტროლებს ქალაქ თბილისის რაიონებისა და დაბა წყნეთის ბიუჯეტების ხარჯვის, მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობასა და ეფექტიანობას;
ვ) ახორციელებს ქ. თბილისის აღმასრულებელ ორგანოთა საფინანსო საქმიანობის დოკუმენტურ რევიზიას და ქ. თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ ქალაქის ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერების შემოწმებას; ზ) აკონტროლებს ქ. თბილისის ქონების გამოყენების ეფექტურობასა და მიზანშეწონილობას;
თ) აკონტროლებს ქალაქის მერის, ქალაქ თბილისის მთავრობის, სხვა თანამდებობის პირების და მუნიციპალური საწარმოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას;
ი) სწავლობს და აანალიზებს საბიუჯეტო პროცესში გამოვლენილ დარღვევებს, დადგენილი საბიუჯეტო მაჩვენებლებისაგან გადახრებს და წარადგენს წინადადებებს ამ დარღვევების  აღმოსაფხვრელად;
კ) განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებსა და საჩივრებს ქალაქ თბილისის აღმასრულებელი ორგანოების მიერ საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში არსებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესახებ და ახდენს სათანადო რეაგირებას;
ლ) იღებს დასკვნებს, რეკომენდაციებს, წინადადებებს და წარუდგენს საკრებულოს განსახილველად;
მ)  განიხილავს ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის და ამზადებს დასკვნებს;
ნ)  ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ უფლებამოსილებებს.
 
მუხლი 4

1. კომისიის წევრს უფლება აქვს:
ა) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, მოსაზრებები  და წარმოადგინოს წინადადებები;
ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომისიის თანამდებობებზე;
გ) ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.
2. კომისიის წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში;
ბ) არ გაახმაუროს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალური ინფორმაცია;
გ) შეასრულოს კომისიის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობები.
 
თავი III

რევიზიის პროცესი და რევიზიის შედეგები
 
 
მუხლი 5

1. კომისიის სამუშაო გეგმით (ან დავალებით) გათვალისწინებული საკითხები კომისიის სხდომაზე ნაწილდება კომისიის წევრებსა და მოწვეულ სპეციალისტებზე.
2. რევიზორი (კომისიის წევრი ან მოწვეული სპეციალისტი) შესამოწმებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელს წარუდგენს:
ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და შესაბამის სამსახურებრივ მოწმობას;
ბ) კომისიის დამტკიცებულ სამუშაო გეგმას ან საკრებულოს სამართლებრივ აქტს გეგმის გარეშე საკითხის შესწავლის თაობაზე;
3. შესამოწმებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შემოწმების პერიოდში რევიზორს უნდა შეუქმნას სათანადო სამუშაო პირობები, გააცნოს საჭირო დოკუმენტაცია და მისცეს ახსნა-განმარტება მოთხოვნისამებრ.
4. შემოწმების პერიოდი განისაზღვრება შესამოწმებელი საკითხის სირთულით, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. შემოწმების ვადის 2 კვირით გაგრძელების უფლებას იძლევა სარევიზიო კომისიის თავჯდომარე რევიზორის (ან რევიზორების) მიერ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენის შემდეგ.
5. შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით რევიზორი ადგენს დასკვნას, რასაც თან დაურთავს საჭირო და აუცილებელ მასალებს, აღნიშნულს ეცნობა და ხელს აწერს შესამოწმებელი დაწესებულების ხელმძღვანელი. თუ შესამოწმებელი დაწესებულების ხელმძღვანელი არ ეთანხმება დასკვნის შინაარსს, რევიზორი დასკვნაში ამის თაობაზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
6. სარევიზიო კომისია თავის დასკვნას, შემოწმების შედეგების შესახებ შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად წარადგენს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე.
 
თავი IV

კომისიის სხდომები
 
მუხლი 7

1. კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია, მაგრამ არანაკლებ თვეში 1 სხდომისა.  კომისიის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების დროს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კომისიის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს რეგლამენტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით, ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში იმართება დახურული სხდომა. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
6. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ საკრებულოს წევრები, რომლებიც არ შედიან ამ კომისიის შემადგენლობაში, ქ. თბილისის მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული პირები. კომისიის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული პირები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება. კომისიის სხდომაზე დასასწრებად ასევე შეიძლება მოწვეულ იქნენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დადგენილი წესით აკრედიტებული წარმომადგენლები.
 
მუხლი 8

1. კომისიის სხდომაზე განიხილება კომისიაში შემუშავებული და შემოსული პროექტები, ინფორმაციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, მთავრობის წევრთა და თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები და სხვა საკითხები.
2. კომისია იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას.
3. კომისიის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება საკრებულოს სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.
4. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები.
5. საკრებულოს მიერ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირი უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში-ვალდებულია დაესწროს კომისიის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.
 
მუხლი 9

საკრებულოს თავმჯდომარის მოთხოვნით ან შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომისიების ერთობლივი (საკონსულტაციო) სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომისიები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.
 
თავი V

კომისიის თანამდებობის პირები
 
მუხლი 10

1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.
2. კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი  პროცედურების დაცვას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;
ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;
ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. კომისია თავის წევრთაგან უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს (მოადგილეებს).
4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრს.
5. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (მოადგილეები):
ა) ასრულებს კომისიის ცალკეულ დავალებებს;
ბ) კომისიის (სიითი შემადგენლობის უმრავლესობის) დავალებით ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობებს მისი გადადგომის, გადაყენების ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
 
მუხლი 11

1 კომისის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, კომისიის შემადგენლობის ორმა მესამედმა.
2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
3. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს თავისი გადადგომის შესახებ. შესაბამისი განცხადება წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც მას გააცნობს საკრებულოს. კომისიის თავმჯდომარე გადამდგარად ითვლება საკრებულოს თავმჯდომარისათვის განცხადების წარდგენის დღიდან. 
4. კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო უახლოეს სხდომაზე რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ირჩევს კომისიის ახალ თავმჯდომარეს.
 
თავი VI

კომისიის სამდივნო
 
მუხლი 12

1. კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება კომისიის სამდივნო, რომელიც წარმოადგენს საკრებულოს აპარატის კომისიისადმი დაქვემდებარებულ მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.
2. კომისიის სამდივნო:
ა) ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;
ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;
გ) მუშაობს კომისიის დებულებით განსაზღვრულ საკითხებზე, ასრულებს კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის დავალებებს;
დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აპარატის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომისიის თავმჯდომარე წარუდგენს საკრებულოს აპარატის უფროსს კომისიის სამდივნოს სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას. 
4. კომისიის სამდივნოს შემადგენლობაში შედიან კომისიის სამდივნოს სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოსამსახურეები) და შტატგარეშე მოსამსახურეები (მოწვეული სპეციალისტები).
5. კომისიის თავმჯდომარე კომისიის სამდივნოს მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების წინადადებებს წარუდგენს აპარატის უფროსს.
6. კომისიის სამდივნოს თანამშრომლებს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, ~საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის უფროსი.
 
თავი VII

დასკვნითი დებულებები
 
მუხლი 13
კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ~ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.


bedava film izle hd film izle oyun oyna cocuk oyunlari edevlet web tasarim yabanci dizi izle astroloji yemek tarifleri sohbet spor