საკრებულოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები
•წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა;
•საკითხთა თავისუფალი, კოლექტიური განხილვა-გადაწყვეტა;
• საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საკრებულოს რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების განუხრელი დაცვა;
• საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დაცვა და პატივისცემა;
• საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობის საჯაროობა და დამოუკიდებლობა;
• სახელმწიფოსა და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის დაცვა.
საკრებულოს სამართლებრივი აქტებია:
ნორმატიული აქტი - საკრებულოს გადაწყვეტილება და ინდივიდუალური აქტი – საკრებულოს დადგენილება.
ქალაქ თბილისის საკრებულოს კომპეტენციას განეკუთვნება:
•ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის, საკრებულოს ორგანოების დებულებების დამტკიცება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი;
•საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, მუდმივი და დროებითი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა და გადარჩევა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი განაკვეთების ფარგლებში საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილის, მუდმივი კომისიის თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის ყოველთვიური გასამრჯელოს ოდენობის განსაზღვრა;
•საკრებულოს სტრუქტურის დამტკიცება; საკრებულოს კომისიების შექმნა; კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
•საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;
•საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
•ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, მათი ოდენობების განსაზღვრა და გაუქმება;
•ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმისა და სხვა მიზნობრივი პროგრამების განხილვა;
•დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამტკიცების წესების დადგენა;
•მიწის ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის ოდენობის დადგენა;
•ქალაქ თბილისის მერის და ქალაქის მთავრობის სხვა თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი; მერის ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
•ქალაქ თბილისის მერის არჩევა;
•ქალაქ თბილისის მთავრობის სტრუქტურის დამტკიცება;
•ქალაქ თბილისის მერის და მთავრობის სხვა თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი; მერის ანგარიშების მოსმენა და შეფასება; საკრებულოს მიერ შექმნილი ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენა;
•საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქალაქ თბილისის მთავრობისათვის კრედიტის აღებაზე თანხმობის მიცემა ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
•ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის ტერიტორიის ზონებად დაყოფა და მის საფუძველზე მიწათსარგებლობის წესების დამტკიცება;
•მერის წარდგინებით ქალაქის რაიონისათვის ან უბნისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება; ისტორიულ-კულტურული, გამწვანების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონების გამოყოფა; მათთვის სახელწოდების მინიჭება, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
•ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ქალაქ თბილისის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებისა და გეგმების, კეთილმოწყობის და გამწვანების პროგრამებისა და გეგმების განხილვა და დამტკიცება, მათი შესრულების კონტროლი;
•ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების წესების დადგენა;
•ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ავტომანქანათა პარკირების წესების განსაზღვრა;
•ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით ენერგო-, გაზ- და წყალმომარაგების საქალაქო სისტემის ორგანიზებისა და განვითარების პროგრამების დამტკიცება;
•ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის შიდა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის გეგმების დამტკიცება;
•შესაბამისი ორგანოების ინფორმაციის მოსმენა სახელმწიფოსა და დედაქალაქის ერთობლივ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
•ქალაქ თბილისის გერბის, დროშის, ჰიმნის და სხვა სიმბოლოების დადგენა, მათი გამოყენების წესების განსაზღვრა;
•ქალაქ თბილისის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების დადგენა;
•ქალაქ თბილისის მერის წარდგინებით დედაქალაქის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში ახალი რაიონების შექმნა, სახელდება და მათი საზღვრების დადგენა, ასევე არსებული რაიონების გაერთიანება, დაყოფა, გაუქმება, სახელწოდებების შეცვლა, მათი საზღვრების დადგენა, შესაბამისი რაიონების გამგეობების შექმნა და გაუქმება, რაიონების დაყოფა სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულებად (უბანი, სექტორი, კვარტალი, მიკრორაიონი და ა.შ.) და ამ ტერიტორიული ერთეულების სახელდება;
•საკრებულოს აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილება, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს ქალაქის მერს;
• `საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
საკრებულოს მუდმივი კომისიებია:
1. სარევიზიო კომისია;
2. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია;
3. საფინანსო-საბიუჯეტო და საინვესტიციო პოლიტიკის კომისია;
4. ეკონომიკური რეფორმებისა და საქალაქო მეურნეობის კომისია;
5. ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისია;
6. საზოგადოებასთან ურთიერთობის, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისია.
საკრებულოს სარევიზიო კომისია აკონტროლებს საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოების საფინანსო საქმიანობას, აკონტროლებს შემოსავლების ამოღების დროულობას და მათ აღრიცხვას, ხარჯების კანონიერებას და ადგილობრივ ბიუჯეტთან შესაბამისობას. კომისია საკრებულოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს გაწეული მუშაობის ანგარიშს. ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის დამტკიცებისას სარევიზიო კომისია საკრებულოს წარუდგენს შემოწმების წლიურ ანგარიშს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია ამზადებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნებს, საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე. აკონტროლებს საკრებულოს ცალკეული სამართლებრივი აქტებისა და პროცედურული საკითხების შესაბამისობას რეგლამენტთან, შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს, დასკვნებს წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე, ახორციელებს კონტროლს დედაქალაქში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე.
საფინანსო-საბიუჯეტო და საინვესტიციო პოლიტიკის კომისია შექმნილია ქ. თბილისის ფინანსურ სისტემაში - საბიუჯეტო სისტემების შესახებ საკანონმდებლო ნორმატიული აქტების, ქალაქისა და რაიონების ბიუჯეტების ფორმირების, ფულადი სახსრების მობილიზაციის, ბიუჯეტის შემოსავლების მიზნობრივად განკარგვისა და სხვა საკითხებზე საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების მომზადების მიზნით, რაც მიმართული იქნება დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისაკენ.
ეკონომიკური რეფორმებისა და საქალაქო მეურნეობის კომისია შექმნილია დედაქალაქში საკრებულოს მიერ ეკონომიკური რეფორმების გატარების, საქალაქო მეურნეობის დარგების განვითარების, ამ სფეროში საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.
ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისია შექმნილია დედაქალაქში ჯანმრთელობის დაცვის, განათლების და სოციალურ საკითხთა, ბავშვთა დაცვის, დემოგრაფიის და ვეტერანთა საკითხების სფეროში საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.
საზოგადოებასთან ურთიერთობის, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისია შექმნილია სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, კულტურული, სპორტული, ახალგაზრდული და სხვა ღონისძიებების ორგანიზების, შესაბამისი პროგრამების დაგეგმვისა და სამართლებრივი აქტების პროექტებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით.
საკრებულოს ფრაქციები
ფრაქცია არის საკრებულოში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით საერთო პოლიტიკური შეხედულებებისა და ინტერესების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება.
ფრაქციის შექმნის უფლება აქვს საკრებულოს არანაკლებ 3 წევრს, რომელთა უფლებამოსილება ცნო საკრებულომ.
ფრაქციის უმაღლესი ორგანოა ფრაქციის სხდომა.
ფრაქციის ამოცანებია:
ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი;
ბ) მონაწილეობა მიიღოს საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობის სრულყოფაში, ხელი შეუწყოს საკრებულოს წევრთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას და მათი აქტიურობის გაზრდას, აგრეთვე მათ მიერ ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებასა და ქცევის ნორმების დაცვას;
გ) გამოხატოს ფრაქციის შეჯერებული აზრი.
საკრებულოს ბიურო
საკრებულოს მუშაობის ორგანიზების მიზნით იქმნება საკრებულოს ბიურო, რომლის შემადგენლობაში შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საკრებულოს მუდმივი კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები.
საკრებულოს აპარატი
საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს აპარატის უფროსს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულო.
საკრებულოს აპარატის დებულებას, სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო.





