ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა გლდანის სკვერის მოწესრიგებაში მოსახლეობასთან ერთად მიიღო მონაწილეობა

გლდანის რაიონში საგაზაფხულო სამუშაოები გრძელდება. ლუწი მიკრორაიონების მაჟორიტარმა დეპუტატმა, თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარემ ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა მოსახლეობასთან ერთად დღეს გლდანის "ა’’ მიკრორაიონში მდებარე სკვერის განახლებაში მიიღო მონაწილეობა.
დასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია, შეიღება და მოიხატა სკვერში მდებარე სკამები და ატრაქციონები, გადაიბელა ხეები და დაირგო ახალი ნარგავები.
როგორც ხაჩირაშვილმა აღნიშნა, ანალოგიური ღონისძიებები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 
"მოსახლეობის ინიციატივით, ჩვენ შევეცადეთ, თითოეულ მოქალაქეში საკუთრების განცდა გაგვეღვიძებინა, ვინაიდან ეს სკვერი თითოეული ადამინისაა და შესაბამისად, საკუთარი უბნის, ეზოსა თუ სკვერის რეაბილიტაციაშიც სწორედ მოსახლეობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები უფრო მეტად გაუფრთხილდებიან საკუთარი შრომის შედეგს და უბანი უფრო დიდხანს შეინარჩუნებს სილამაზეს. ასეთ აქციებს ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებეთ და მოსახლეობას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ყველაფერი ხარისხიანად და სრულყოფილად გაკეთდეს”, - განაცხადა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა.
სკვერის განახლების აქციაში მოსახლეობა ხალისით ჩაერთო. მათი განცხადებით, გლდანის ნაგავსაყრელის გაუქმების შემდეგ რაიონი დღითიდღე ეკოლოგიურად სუფთა და ლამაზი ხდება.
"მე და ჩემმა მეგობრებმა დღეს კედელი ჩვენი ხელით მოვხატეთ. ძალიან სასიამოვნო განცდაა, როდესაც შენი ეზოს გალამაზებაში თავად იღებ მონაწილეობას. გვინდა ვაჯობოთ სხვა კორპუსებს და ყველაზე ლამაზი სკვერი ჩვენ გვქონდეს. მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა და მოგვცა საშუალება ჩვენი ეზო ჩვენი გემოვნებით გაგვეფორმებინა”, - აღნიშნა გლდანის "ა” მიკრორაიონის მცხოვრებმა მიხეილ აქუბარდიამ.
ნიკოლოზ ხაჩირაშვილი დღესვე გლდანის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.