დავით საგანელიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით საგანელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
დეპუტატებმა ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
კენჭისყრის დაწყებამდე საგანელიძემ სიტყვა ითხოვა.
„მესმის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ჩემი გაწევრიანების გამო. ამ გადაწყვეტილების აღსრულება დაგევალათ თქვენ, რის გამოც სხდომაზე უნდა დააყენოთ ჩემი გათავისუფლების საკითხი და მოიფიქროთ რაიმე მიზეზი. შესაბამისად, მინდა ჩემს კოლეგებსა და ძვირფას ადამიანებს ეს უხერხულობა თავიდან ავარიდო და ჩემი
გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თვითონ დავწერე,“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.
როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკითხი პროცედურების გათვალისწინებით კენჭისყრაზე აუცილებლად უნდა გასულიყო და შედეგად დავით საგანელიძე, ფარული კენჭისკრის საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარეობიდან 33 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, გადააყენეს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას.
დავით საგანელიძის გადაყენების მიზეზები სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა დეტალურად განმარტა.
"ნებისმიერი ურთიერთობა ადამიანებს შორის, სამსახურებრივიც, რათქმაუნდა ნდობას ემყარება. ხდებახოლმე ასეთი რამ, მოდის კოლეგა, აღწერს ვითარებას, რომელიც მის ირგვლივ შეიქმნა, გამოთქვამს უკმაყოფილებას ამის გამო და არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად გვთხოვს თანამშრომლობას მისთვის სასურველი სტატუსით.იშვიათი გამონაკლისების გარდა თანამშრომლობაზე უარს არავინ ამბობს, არც პიროვნება და არც პოლიტიკური ჯგუფი. აქედან გამომდინარე დგამ შემხვედრ ნაბიჯს და ასრულებ კოლეგის თხოვნას მისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ. თუმცა მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც გვპირდებოდნენ. შეთანხმება ირღვევა და შეპირებული კონსტრუქციულობა უკვალოდ ქრება. რიტორიკა რადიკალურად იცვლება და კოლეგის ლექსიკაში საგრძნობლად
მატულობს მძიმე, შეიძლება ითქვას სალანძღავი სიტყვები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონსტრუქციულობას დესტრუქცია ანაცვლებს. რა ხდება ამ უეცარი მეტამორფოზის მიზეზი ამის კვლევას არ დავიწყებთ, რადგან გამოსაკვლევი და ჩასაღმავებელი არაფერია, ყველაფერი ზედაპირზე დევს.ამ ადამიანმა მისთვის უკეთეს გამოსავალს, უკეთეს პირობებს მიაგნო და მოიპოვა ის, რისმა უკმარისობამაც ჩვენთან მოიყვანა. მისი აზრით ალბათ ბევრი რამ მოიპოვა, მაგრამ მინდა მოგახსენოთ, რომ დაკარგა ნდობა, რაც ჩვენთან თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის”,- განაცხადა ზაალ სამადაშვილმა.
დავით საგანელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების არგუმენტები საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებმაც წარმოადგინეს.
როგორც კოკი იონათამიშვილმა აღნიშნა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს არ უნდა იკავებდეს ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ შეხედულებებს 2-3 დღეში იცვლის.
"ჩვენ ვიყავით გახსნილი, რომ მისთვის შეგვეთავაზებინა უფრო მეტი რესურსი და პირობა, ვიდრე ეს არის ჩვეულებრივი საკრებულოს წევრისათვის, თუმცა რამოდენიმე დღეში აღმოჩნდა, რომ იგი პოლიტიკური პარტიისა და ფრაქციის წევრია და აქედან გამომდინარე, ვთვლით – ადამიანი, რომელიც 2–3 დღეში იცვლის
გადაწყვეტილებებს არ იმსახურებს ისეთ მაღალ თანამდებობას, როგორიც არის თბილისის საკრებლოს თავმჯდომარის მოადგილეობა“, – განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.
დავით საგანელიძემ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე 2 თვის წინ ზურაბ აბაშიძე ჩაანაცვლა, რომელიც გასული წლის დეკემბერში უმრავლესობამ მოვალეობის შეუსრულებლობის გამო გაათავისუფლა. რეგლამენტის მიხედვით საკრებულოს თავმჯდომარეს ოპოზიციიდან ორი მოადგილე უნდა ჰყავდეს. ამჟამად თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ვაკანტურია.





