ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა გლდანის რაიონში მცხოვრებ ყველაზე უხუცეს ქალბატონს სასურსათო ვაუჩერი გადასცა

გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თბილისის საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა გლდანის რაიონში მცხოვრები ყველაზე უხუცესი ქალბატონი მოინახულა და მისი კუთვნილი  სასურსათო ვაუჩერი გადასცა. 
ქსენია ნანიკაშვილს ასი წელი შეუსრულდა. ნოკოლოზ ხაჩირაშვილმა და თბილისის მერიის  სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ  ყველაზე ხანდაზმულ ქალბატონს იუბილე მიულოცეს და  სასურსათო ვაუჩერთან ერთად, საკვები პროდუქტი და ამ კატეგორიის ადამიანებისთვის განკუთვნილი, მერიის პროგრამით გათვალისწინებული 400 ლარი გადასცეს საჩუქრად.
"რა თქმა უნდა, სასურსათო ვაუჩერი  სიმბოლური საჩუქარია ჩემი მხრიდან, თუმცა  ქვეყნის მასშტაბით  ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვფიქრობ, ბევრი ჩემი კოლეგა ათასობით შეჭირვებული ადამიანის ოჯახის კარს შეაღებს და მათ დახმარების ხელს გაუწვდის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალური კოორდინაცია და კავშირი გვქონდეს  მოსახლეობასთან და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში შევძლოთ მათი პრობლემების მინიმუმამდე დაყვანა“,- განაცხადა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა.
ქსენია ნანიკაშვილი 69 წლის პენსიონერ შვილთან ერთად ცხოვრობს და მათი ოჯახი სოციალურად დაუცველ ფენას მიეკუთვნება.
,,ჩვენი ოჯახისთვის მცირედ დახმარებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ის მორალური თანადგომა, რომელსაც ბატონი ნიკო ჩვენს მიმართ იჩენს ყველაზე დიდ სტიმულს გვაძლევს. ვგრძნობთ, რომ მარტო არ ვართ და ჩვენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვიდგანან”, - განაცხადა მზია ნანიკაშვილმა.